სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენმა თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება დაიწყო

02.11.2022

დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე ბიქეი ქონსთრაქშენის ვარკეთილის სამშენებლო ობიექტს ესტუმრა.

აღნიშნულ ობიექტზე ხორციელდება თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ პირველი, საპილოტე პროექტი.

ბიქეი ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ტენდერში.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა არის პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, სამშენებლო სამუშაოები მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდება სრულად გარემონტებული ბინებით.

 

ახალი კორპუსი იქნება 10 სართულიანი, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელშიც დაცული იქნება ყველა სტანდარტი,  იქნება ეს თანამედროვე ლიფტი თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.