სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენი თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს იწყებს

09.09.2022

სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული კორპუსის საპილოტე პროექტს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს.

ბიქეი ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ტენდერში.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდება სრულად გარემონტებული ბინებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მერია გადავიდა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის აქტიურად განხორციელების ეტაპზე.

მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვილი შევიტანოთ ამ პროცესში.

ეს პროექტი ჩვენთვისაც არის საპილოტე და აქ მიღებული გამოცდილება, გვსურს რომ გამოვიყენოთ მსგავსი, უფრო დიდი მასშტაბის პროექტების  განხორციელებაში.

ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი და კომერციული ინტერესების კარგ თანხვედრას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეების საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება.

მეორეს მხრივ, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა კარგი შესაძლებლობაა თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის.“ აცხადებს შოთა ბერეკაშვილი, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველი პარტნიორი.

ახალი კორპუსი იქნება 10 სართულიანი, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით.  

მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელშიც დაცული იქნება ყველა სტანდარტი,  იქნება ეს თანამედროვე ლიფტი თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

ბიქეი ქონსთრაქშენი თითქმის 30-წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელშია 20-მდე მიმდინარე პროექტი. სამშენებლო სამუშაოების არეალი კი განისაზღვრება 1 000 000 კვ.მ-ით.